Thursday, August 23, 2012

ვაჭრობა ფორექსზე ნაწ. I - ანგარიშის ტიპები.

ინტერნეტში განთავსებული რეკლამებისა და სხვადასხვა ჩამთრევი სტატიების წყალობით ფორექსი ჩვენს წარმოსახვაში არის ოქროს ქვიშის უკიდეგანო უდაბნო, სადაც უბრალოდ მიდი და რამდენსაც ზიდავ იმდენი ოქრო წამოიღე...

ცოტა უფრო "გაქექილი" მომხმარებლებისთვისაც ფორექსი არის შემოსავლის უშრეტ წყაროსთან ასოცირებული სისტემა. მართლაც, რომ დავფიქრდეთ თუ რამდენად მოძრავია ამა თუ იმ სავალუტო წყვილის ფასი ორივე მიმართულებით, მაგის მეათედიც რომ მოვახერხოთ და ავიღოთ ყოველდღიურად, ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილნი ვიქნები ყველაფრით, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა.

მაშ მოდი, ჩვენც გავსინჯოთ თუ რა ხილია ვაჭრობა ფორექსზე. ამისათვის უნდა ავირჩიოთ სასურველი ბროკერი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავხსნათ დემო ანგარიში და ვივაჭროთ დეპოზიტის გარეშე. ასეთი ბროკერი კი ათასობითაა მომრავლებული ინტერნეტ სივრცეში. ჯერ არ დაგვიწყია ვაჭრობა და უკვე რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ყოველ ბროკერს აქვს თავის პირობები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ, თუმცა მანამდე ჯერ გავერკვიოთ დეტალებში, თუ რისგან უნდა ავარჩიოთ?

ანგარიშის ტიპი: თითქმის ყველა ბროკერი სხვადასხვა დასახელებით გვთავაზობს რამოდენიმე განსხვავებულ ანგარიშს. ესენი არიან:

  • Fix - ტიპის ანგარიში, სადაც ყველა სავალუტო წყვილზე გაწერილია ფიქსირებული სხვაობა (spread) ყიდვა–გაყიდვას შორის (bid/ask).ამ შემთხვევაში ტრეიდერმა ზუსტად იცის თუ რა დაუჯდება ამა თუ იმ გარიგების შესრულება და შეუძლია უფრო ზუსტად გათვალოს თავისი სავაჭრო სტრატეგია.
  • Pro - ტიპის ანგარიში, სადაც ყველა სავალუტო წყვილზე გაწერილია spread-ის ქვედა მინიმალური ზღვარი, რომელიც როგორც წესი ბევრად ნაკლებია Fix-ტიპის ანგარიშისთვის განსაზღვრულ spread-ზე, თუმცა არ არის განსაზღვრული ზედა ზღვარი. ამ ტიპის ანგარიშებზე ფასის მოძრაობიდან გამომდინარე spread-იც თამაშობს. მკვეთრი მოძრაობის დროს რომელიმე მიმართულებით spread-იც იზრდება. ასევე spread-ი იზრდება უზარმაზარ ნიშნულამდე ისეთ კრიტიკულ საათებში, როგორიცაა მაგ. დღის ბოლო (23:30–იდან 00:00–მდე სერვერის დროით), პარასკევს დღის ბოლოს (ბირჟის დახურვასთან დაკავშირებით) და ორშაბათს გამთენიისას (ბირჟაზე ვაჭრობის განახლებისას).
  • Cent - ტიპის ანგარიშები (Fix, Pro), რომლებიც ასახავენ დეპოზიტს ცენტებში. მაგ. თუკი თქვენ არა-Cent ანგარიშზე შეიტანთ 100$-ს, თქვენი დეპოზიტი განისაზღვრება 100 ერთეულით შესაბამის ვალუტაში, ხოლო იგივე 100$ შეტანისას Cent ანგარიშზე, თქვენს დეპოზიტზე შესაბამისად იქნება 10,000 ერთეული.
  • Currenex - წარმოადგენს ანგარიშზე, რომელიც საშუალებას აძლევს ტრეიდერს დადოს გარიგებები უშუალოდ სხვა ტრეიდერებთან, ბროკერის გვერდის ავლით. ამ ანგარიშის ძირითადი განსხვავება სხვა ანგარიშებისგან არის ის, რომ თქვენს ნებისმიერ გარიგებას ბროკერი პირდაპირ გადასცემს ბირჟას, მინიმალური დაყოვნებით. შესაბამისად ბროკერის ამ მომსახურებაში სტანდარტული spread-ის გარდა ტრეიდერი იხდის ფიქსირებულ საკომისიოს პოზიციის გახსნა/დახურვაში.
შემდეგ ნაწილში შევეცდები უფრო ვრცლად მოგიყვეთ ბროკერების შესახებ, დაიმახსოვრეთ - სწორად არჩეული ბროკერი თქვენი წარმატებული ვაჭრობის საწინდარია!