Thursday, August 23, 2012

ვაჭრობა ფორექსზე ნაწ. I - ანგარიშის ტიპები.

ინტერნეტში განთავსებული რეკლამებისა და სხვადასხვა ჩამთრევი სტატიების წყალობით ფორექსი ჩვენს წარმოსახვაში არის ოქროს ქვიშის უკიდეგანო უდაბნო, სადაც უბრალოდ მიდი და რამდენსაც ზიდავ იმდენი ოქრო წამოიღე...

ცოტა უფრო "გაქექილი" მომხმარებლებისთვისაც ფორექსი არის შემოსავლის უშრეტ წყაროსთან ასოცირებული სისტემა. მართლაც, რომ დავფიქრდეთ თუ რამდენად მოძრავია ამა თუ იმ სავალუტო წყვილის ფასი ორივე მიმართულებით, მაგის მეათედიც რომ მოვახერხოთ და ავიღოთ ყოველდღიურად, ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილნი ვიქნები ყველაფრით, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა.

მაშ მოდი, ჩვენც გავსინჯოთ თუ რა ხილია ვაჭრობა ფორექსზე. ამისათვის უნდა ავირჩიოთ სასურველი ბროკერი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავხსნათ დემო ანგარიში და ვივაჭროთ დეპოზიტის გარეშე. ასეთი ბროკერი კი ათასობითაა მომრავლებული ინტერნეტ სივრცეში. ჯერ არ დაგვიწყია ვაჭრობა და უკვე რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ყოველ ბროკერს აქვს თავის პირობები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ, თუმცა მანამდე ჯერ გავერკვიოთ დეტალებში, თუ რისგან უნდა ავარჩიოთ?

ანგარიშის ტიპი: თითქმის ყველა ბროკერი სხვადასხვა დასახელებით გვთავაზობს რამოდენიმე განსხვავებულ ანგარიშს. ესენი არიან:

  • Fix - ტიპის ანგარიში, სადაც ყველა სავალუტო წყვილზე გაწერილია ფიქსირებული სხვაობა (spread) ყიდვა–გაყიდვას შორის (bid/ask).ამ შემთხვევაში ტრეიდერმა ზუსტად იცის თუ რა დაუჯდება ამა თუ იმ გარიგების შესრულება და შეუძლია უფრო ზუსტად გათვალოს თავისი სავაჭრო სტრატეგია.
  • Pro - ტიპის ანგარიში, სადაც ყველა სავალუტო წყვილზე გაწერილია spread-ის ქვედა მინიმალური ზღვარი, რომელიც როგორც წესი ბევრად ნაკლებია Fix-ტიპის ანგარიშისთვის განსაზღვრულ spread-ზე, თუმცა არ არის განსაზღვრული ზედა ზღვარი. ამ ტიპის ანგარიშებზე ფასის მოძრაობიდან გამომდინარე spread-იც თამაშობს. მკვეთრი მოძრაობის დროს რომელიმე მიმართულებით spread-იც იზრდება. ასევე spread-ი იზრდება უზარმაზარ ნიშნულამდე ისეთ კრიტიკულ საათებში, როგორიცაა მაგ. დღის ბოლო (23:30–იდან 00:00–მდე სერვერის დროით), პარასკევს დღის ბოლოს (ბირჟის დახურვასთან დაკავშირებით) და ორშაბათს გამთენიისას (ბირჟაზე ვაჭრობის განახლებისას).
  • Cent - ტიპის ანგარიშები (Fix, Pro), რომლებიც ასახავენ დეპოზიტს ცენტებში. მაგ. თუკი თქვენ არა-Cent ანგარიშზე შეიტანთ 100$-ს, თქვენი დეპოზიტი განისაზღვრება 100 ერთეულით შესაბამის ვალუტაში, ხოლო იგივე 100$ შეტანისას Cent ანგარიშზე, თქვენს დეპოზიტზე შესაბამისად იქნება 10,000 ერთეული.
  • Currenex - წარმოადგენს ანგარიშზე, რომელიც საშუალებას აძლევს ტრეიდერს დადოს გარიგებები უშუალოდ სხვა ტრეიდერებთან, ბროკერის გვერდის ავლით. ამ ანგარიშის ძირითადი განსხვავება სხვა ანგარიშებისგან არის ის, რომ თქვენს ნებისმიერ გარიგებას ბროკერი პირდაპირ გადასცემს ბირჟას, მინიმალური დაყოვნებით. შესაბამისად ბროკერის ამ მომსახურებაში სტანდარტული spread-ის გარდა ტრეიდერი იხდის ფიქსირებულ საკომისიოს პოზიციის გახსნა/დახურვაში.
შემდეგ ნაწილში შევეცდები უფრო ვრცლად მოგიყვეთ ბროკერების შესახებ, დაიმახსოვრეთ - სწორად არჩეული ბროკერი თქვენი წარმატებული ვაჭრობის საწინდარია!

Wednesday, March 21, 2012

ძირითადი ტერმინები, ნაწილი I

ფორექსის ტერმინოლოგია დაგეხმარებათ მასალების მოძიებასა და ათვისებაში.

bid - აღნიშნავს ძირითადი ვალუტის გაყიდვის ფასს,

ask - აღნიშნავს ძირითადი ვალუტის შესყიდვის ფასს,

bid და ask ფასებს შორის სხვაობას ეწოდება spread. მაგალითისთვის განვიხილოთ EUR/USD წყვილი, რომლისთვისაც 20-Mar-2012 დაფიქსირებული მაქსიმალური bid კურსი იყო 1.3251. Spread-ის მნიშვნელობა ამ წყვილისთვის ჩემს მიერ არჩეულ ბროკერთან საშუალოდ არის 1.5 პუნქტი, შესაბამისად ask ფასის მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 1.32525.

Spread არის ნებისმიერი ტრეიდერის მტერი და ყოველი ბროკერის მეგობარი. თუ რატომ, ამას ახლავე მარტივად აგიხსნით. გარიგების დადებისას იმისდამიხედვით ყიდულობთ ძირითად ვალუტას თუ ყიდით, გარიგება სრულდება ask კურსით შესყიდვისა და bid კურსით გაყიდვისას. გარიგების დახურვისას კი ask კურსით ნაყიდი ვალუტა უნდა გაყიდოთ bid კურსით და პირიქით. განვიხილოთ მაგალითი – EUR/USD bid: 1.3, ask: 1.4.100 ერთეულის შესყიდვისას ჩვენ უნდა გადავიხადოთ 100 * ask = 140 USD.  იმწამსვე რომ მოვინდომოთ გარიგების დასრულება ჩვენ ეს 100 ერთეული უნდა გავყიდოთ bid კურსით და მივიღებთ 100*bid  = 130 USD. გამოდის, რომ ჩვენ 100 ევროში გადავიხადეთ 140 აშშ დოლარი და სანაცვლოდ მივიღეთ 130 აშშ დოლარი, ანუ ვიზარალეთ 10 დოლარი. Spread ჩვენს მაგალითში იყო 0.1 ანუ 1000 პუნქტი, საშუალო spread სხვადასხვა ბროკერთან EUR/USD წყვილისთვის მერყეობს 1.5–დან 3 პუნქტამდე. თუმცა ესეთი მცირე სხვაობაც ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელია :)

პუნქტი არის წყვილის მინიმალური ცვლილება, EUR/USD წყვილის შემთხვევაში ეს ცვლილება შეადგენს 0.0001-ს. ასევე მას უწოდებენ ე.წ. pip-ს (http://en.wikipedia.org/wiki/Percentage_in_point). ვაჭრობის მახასიათებლების უმეტესობა – მოგება, ზარალი, კურსის ცვლილება და სხვა, განისაზღვრება პუნქტებში. ზუსტად ამიტომაა, რომ არასდროს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ინტერნეტში გავრცელებულ იმ სტატიებსა და ვიდეოებს, რომლებიც გთავაზობენ უტყუარ მეთოდს თუ როგორ იშოვოთ საათში ან დღეში 300$. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მთავარია რის ფასად. 10$–იანი დეპოზიტით თქვენ ამას ვერ შეძლებთ, 1,000,000$–იანით შეძლებთ ძალიან მარტივად, თუმცა დამეთანხმებით, რომ 300$ ნავაჭრი 1,000,000–იდან ზღვაში წვეთია.

გარიგებას ბირჟაზე უწოდებენ პოზიციას. გარიგების დადებას – პოზიციის გახსნას. შესყიდვაზე გახსნილ პოზიციას ეწოდება გრძელი პოზიცია, შესაბამისად გაყიდვის პოზიციას – მოკლე. მოკლე პოზიციები არის ფორექსის დამახასიათებელი და  სხვა სახის ვაჭრობებისგან განმასხვავებელი ნიშან–თვისება. როდესაც ბაზრობის მოვაჭრე ვაჭრობს თავის დახლთან ხილით, იმისათვის, რომ მან ივაჭროს ბოსტნეულით მან პირველ რიგში ეს ბოსტნეული უნდა შეიძინოს, მოიტანის, დახლზე განათავსოს და ფასიც განსაზღვროს. ფორექსზე ტრეიდერებს საშუალება აქვთ პოზიციები გახსნან ნებისმიერ ვალუტაში, იმისდამიუხედავად თუ რომელ ვალუტაში აქვთ დეპოზიტი. უფრო მეტიც, ბროკერი საშუალებას აძლევს ტრეიდერს ივაჭროს იმაზე მეტი თანხით, ვიდრე მას რეალურად გააჩნია ანგარიშზე. ამ ინსტრუმენტს ეწოდება საკრედიტო მხარი (leverage, http://en.wikipedia.org/wiki/Leverage_(finance)). სხვადასხვა ბროკერი იძლევა სხვადასხვა ზომის მხარს დაწყებული 1:50 და დამთავრებული 1:1000. მაგალითისთვის თუკი თქვენი დეპოზიტი ანგარიშზე შეადგენს 1000$, ხოლო ბროკერთან თქვენს მიერ არჩეული მხარი არის 1:50, ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ გახსნილი პოზიციის მაქსიმალური ზომა იქნება 50,000$. როგორც უკვე ვახსენეთ, ბროკერის შემოსავალი არაა დამოკიდებული ტრეიდერის წარმატებაზე, ის მთლიანადაა დამოკიდებული მის მიერ შესრულებული პოზიციების ჯამურ ოდენობაზე. თქვენი 1000$–ით პოზიციის გახსნა და დახურვა 1.5 პუნქტიანი spread-ის შემთხვევაში ბროკერს მოუტანს 0.15$, 1:50 მხარით შესრულებული პოზიცია კი 50–ჯერ მეტს – 7.5$. ამავე დროს ბროკერი სრულიად დაცულია საკუთარი ფულის დაკარგვისგან, ვინაიდან როგორც კი წამგებიანი ღია პოზიციის ზარალი მიაღწევს თქვენი დეპოზიტის ოდენობას, ბროკერი თქვენს დაუკითხავად, ავტომატურად მოახდენს ამ პოზიციის დახურვას. ბროკერი აიღებს თავის საკომისიოს, თქვენ კი დარჩებით ცარიელი დეპოზიტის ამარა. ამიტომაც საკრედიტო მხარის მაქსიმალურად გამოყენებისგან თავს იკავებენ გამოცდილი ტრეიდერებიც კი, ვინაიდან არ არსებობს ტრეიდერი, რომლის პოზიციების 100% იქნება მომგებიანი, ყოველთვის უნდა გქონდეთ განსაზღვრული დეპოზიტის მაქსიმალური წილი, რომლის დაკარგვისთვისაც მზად იქნებით კურსის თქვენს საწინააღმდეგოდ მოძრაობისას.

Tuesday, March 20, 2012

რა არის Forex-ი?

Foreign Exchange Market - Forex, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ბირჟა, სადაც ფულით ყიდულობენ ფულს, ერთი ვალუტით - მეორეს.

ვალუტები დაყოფილია ე.წ. წყვილებად, მაგალითად EUR/USD, GBP/USD, USD/JPY. წყვილში პირველ ვალუტას ეწოდება ძირითადი, ხოლო მეორეს დამხმარე. შესაბამისი კურსი გამოსახავს თანხას დამხმარე ვალუტაში, რომელიც საჭიროა 1 ერთეული ძირითადი ვალუტის საყიდლად. ანუ EUR/USD 1.325 ნიშნავს, რომ 1 ევროს საყიდლად დაგჭირდებათ 1.325 აშშ დოლარი.

ფორექსის მონაწილენი ვაჭრობენ სხვადასხვა მიზნებისთვის, ზოგი ყიდულობს სხვა ქვეყნის ვალუტას ამ ქვეყნის პროდუქციის საყიდლად. მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები ყიდულობენ სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებს ამ ქვეყნებში თავიანთი თანამშრომლებისთვის ხელფასების გასაცემად. ბანკები ვაჭრობენ საერთაშორისო გადარიცხვების შესრულებასა და საკრედიტო ხაზების დასაფარად.

მაგრამ ბირჟის უმეტესი ნაწილი ვაჭრობს კურსთაშორის სხვაობაზე საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძირითადი პრინციპი მარტივზე მარტივია - იყიდე იაფად და გაყიდე ძვირად. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე მარტივი - ფასის მოძრაობის პროგნოზირება რთული საქმეა, რომელიც მოითხოვს საკმაო დროსა და ყურადღებას. 

ბირჟაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ორშაბათიდან (01:00 საათიდან), პარასკევის ჩათვლით (00:00 საათამდე). 

მოვაჭრეები (მათ ასევე უწოდებენ ტრეიდერებს) ბირჟაზე ვაჭრობენ სპეციალური კომპანიების, ბროკერების მეშვეობით. ბროკერი ტრეიდერის დავალებით ათავსებს ბირჟაზე მოთხოვნას შესაბამისი გარიგების შესასრულებლად. ბროკერის შემოსავალი არაა დამოკიდებული ტრეიდერის წარმატებაზე, ის მთლიანადაა დამოკიდებული გარიგების ოდენობაზე - რაც უფრო მეტ და მოცულობით დიდ გარიგებას შეასრულებs ტრეიდერი, მით მეტ საკომისიოს აიღებს ბროკერი. საკომისიოს აღების შემდეგი ორი სქემაa ყველაზე მეტად გავრცელებული:
  • ე.წ. "spread", კურსთაშორისი სხვაობა, რომელიც განისაზღვრება სხვაობით კონკრეტული წყვილის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის.
  • ფიქსირებული საკომისიო 1 ლოტზე, რომელიც აიღება ორჯერ, გარიგების გახსნისა და დახურვისას ცალ–ცალკე.

Wednesday, February 15, 2012

Welcome

მოგესალმებით,

ამ ბლოგზე ვეცდები თავი მოვუყარო ყველანაირ მასალას საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე (Forex) ვაჭრობასთან დაკავშირებით, დაწყებული ზოგადი მიმოხილვით და დასრულებული კონკრეტული რჩევებით, მაგალითებითა და სტრატეგიების განხილვით.