Wednesday, March 21, 2012

ძირითადი ტერმინები, ნაწილი I

ფორექსის ტერმინოლოგია დაგეხმარებათ მასალების მოძიებასა და ათვისებაში.

bid - აღნიშნავს ძირითადი ვალუტის გაყიდვის ფასს,

ask - აღნიშნავს ძირითადი ვალუტის შესყიდვის ფასს,

bid და ask ფასებს შორის სხვაობას ეწოდება spread. მაგალითისთვის განვიხილოთ EUR/USD წყვილი, რომლისთვისაც 20-Mar-2012 დაფიქსირებული მაქსიმალური bid კურსი იყო 1.3251. Spread-ის მნიშვნელობა ამ წყვილისთვის ჩემს მიერ არჩეულ ბროკერთან საშუალოდ არის 1.5 პუნქტი, შესაბამისად ask ფასის მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 1.32525.

Spread არის ნებისმიერი ტრეიდერის მტერი და ყოველი ბროკერის მეგობარი. თუ რატომ, ამას ახლავე მარტივად აგიხსნით. გარიგების დადებისას იმისდამიხედვით ყიდულობთ ძირითად ვალუტას თუ ყიდით, გარიგება სრულდება ask კურსით შესყიდვისა და bid კურსით გაყიდვისას. გარიგების დახურვისას კი ask კურსით ნაყიდი ვალუტა უნდა გაყიდოთ bid კურსით და პირიქით. განვიხილოთ მაგალითი – EUR/USD bid: 1.3, ask: 1.4.100 ერთეულის შესყიდვისას ჩვენ უნდა გადავიხადოთ 100 * ask = 140 USD.  იმწამსვე რომ მოვინდომოთ გარიგების დასრულება ჩვენ ეს 100 ერთეული უნდა გავყიდოთ bid კურსით და მივიღებთ 100*bid  = 130 USD. გამოდის, რომ ჩვენ 100 ევროში გადავიხადეთ 140 აშშ დოლარი და სანაცვლოდ მივიღეთ 130 აშშ დოლარი, ანუ ვიზარალეთ 10 დოლარი. Spread ჩვენს მაგალითში იყო 0.1 ანუ 1000 პუნქტი, საშუალო spread სხვადასხვა ბროკერთან EUR/USD წყვილისთვის მერყეობს 1.5–დან 3 პუნქტამდე. თუმცა ესეთი მცირე სხვაობაც ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელია :)

პუნქტი არის წყვილის მინიმალური ცვლილება, EUR/USD წყვილის შემთხვევაში ეს ცვლილება შეადგენს 0.0001-ს. ასევე მას უწოდებენ ე.წ. pip-ს (http://en.wikipedia.org/wiki/Percentage_in_point). ვაჭრობის მახასიათებლების უმეტესობა – მოგება, ზარალი, კურსის ცვლილება და სხვა, განისაზღვრება პუნქტებში. ზუსტად ამიტომაა, რომ არასდროს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ინტერნეტში გავრცელებულ იმ სტატიებსა და ვიდეოებს, რომლებიც გთავაზობენ უტყუარ მეთოდს თუ როგორ იშოვოთ საათში ან დღეში 300$. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მთავარია რის ფასად. 10$–იანი დეპოზიტით თქვენ ამას ვერ შეძლებთ, 1,000,000$–იანით შეძლებთ ძალიან მარტივად, თუმცა დამეთანხმებით, რომ 300$ ნავაჭრი 1,000,000–იდან ზღვაში წვეთია.

გარიგებას ბირჟაზე უწოდებენ პოზიციას. გარიგების დადებას – პოზიციის გახსნას. შესყიდვაზე გახსნილ პოზიციას ეწოდება გრძელი პოზიცია, შესაბამისად გაყიდვის პოზიციას – მოკლე. მოკლე პოზიციები არის ფორექსის დამახასიათებელი და  სხვა სახის ვაჭრობებისგან განმასხვავებელი ნიშან–თვისება. როდესაც ბაზრობის მოვაჭრე ვაჭრობს თავის დახლთან ხილით, იმისათვის, რომ მან ივაჭროს ბოსტნეულით მან პირველ რიგში ეს ბოსტნეული უნდა შეიძინოს, მოიტანის, დახლზე განათავსოს და ფასიც განსაზღვროს. ფორექსზე ტრეიდერებს საშუალება აქვთ პოზიციები გახსნან ნებისმიერ ვალუტაში, იმისდამიუხედავად თუ რომელ ვალუტაში აქვთ დეპოზიტი. უფრო მეტიც, ბროკერი საშუალებას აძლევს ტრეიდერს ივაჭროს იმაზე მეტი თანხით, ვიდრე მას რეალურად გააჩნია ანგარიშზე. ამ ინსტრუმენტს ეწოდება საკრედიტო მხარი (leverage, http://en.wikipedia.org/wiki/Leverage_(finance)). სხვადასხვა ბროკერი იძლევა სხვადასხვა ზომის მხარს დაწყებული 1:50 და დამთავრებული 1:1000. მაგალითისთვის თუკი თქვენი დეპოზიტი ანგარიშზე შეადგენს 1000$, ხოლო ბროკერთან თქვენს მიერ არჩეული მხარი არის 1:50, ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ გახსნილი პოზიციის მაქსიმალური ზომა იქნება 50,000$. როგორც უკვე ვახსენეთ, ბროკერის შემოსავალი არაა დამოკიდებული ტრეიდერის წარმატებაზე, ის მთლიანადაა დამოკიდებული მის მიერ შესრულებული პოზიციების ჯამურ ოდენობაზე. თქვენი 1000$–ით პოზიციის გახსნა და დახურვა 1.5 პუნქტიანი spread-ის შემთხვევაში ბროკერს მოუტანს 0.15$, 1:50 მხარით შესრულებული პოზიცია კი 50–ჯერ მეტს – 7.5$. ამავე დროს ბროკერი სრულიად დაცულია საკუთარი ფულის დაკარგვისგან, ვინაიდან როგორც კი წამგებიანი ღია პოზიციის ზარალი მიაღწევს თქვენი დეპოზიტის ოდენობას, ბროკერი თქვენს დაუკითხავად, ავტომატურად მოახდენს ამ პოზიციის დახურვას. ბროკერი აიღებს თავის საკომისიოს, თქვენ კი დარჩებით ცარიელი დეპოზიტის ამარა. ამიტომაც საკრედიტო მხარის მაქსიმალურად გამოყენებისგან თავს იკავებენ გამოცდილი ტრეიდერებიც კი, ვინაიდან არ არსებობს ტრეიდერი, რომლის პოზიციების 100% იქნება მომგებიანი, ყოველთვის უნდა გქონდეთ განსაზღვრული დეპოზიტის მაქსიმალური წილი, რომლის დაკარგვისთვისაც მზად იქნებით კურსის თქვენს საწინააღმდეგოდ მოძრაობისას.

No comments:

Post a Comment