Monday, February 25, 2013

ავტობუსის გაჩერება

გაჩერებაზე ორნი ელოდებიან ავტობუსს, რომელიც არა და არ მოდის. პირველი (პირობითად A) ელოდება უკვე 40 წუთი, ხოლო მეორე (პირობითად B) – 20 წუთი. 

...არა და ავტობუსი არ მოდის... ამ ორიდან პირველი რომელი ჩაიქნევს ხელს ავტობუსის ლოდინზე და გადაწყვეტს ფეხით წასვლას დანიშნულების ადგილამდე?

ლოგიკური და სწორი პასუხია – B, ვინაიდან ის მხოლოდ 20 წუთს ელოდებოდა, ხოლო A რომელიც 40 წუთი ელოდა ფიქრობს – "ამდენ ხანს ველოდები და სადაცაა მოვა".

...არა და ავტობუსი არ მოდის...

კიდევ ერთი ამოცანა გამახსენდა, ორ ტრეიდერს აქვს ევრო/დოლარზე გრძელი პოზიციები (ყიდვა) გახსნილი, არადა ფასი ქვევით მიდის. ერთის ორდერი დეპოზიტის 5%–ითაა მინუსში, მეორესი 10%–ით. რომელი დახურავს წამგებიან ორდერს უფრო ადრე? :)

ხშირად ვაჭრობისას ჭირს საკუთარი შეცდომის აღიარება და იმის ნაცვლად რომ 20 წუთის შემდეგ ხელი ჩაიქნიოს ადამიანმა და ფეხით გაისეირნოს, აგრძელებს უაზრო ლოდინს. ხანდახან იმდენ ხანს ელოდება ხოლმე ტრენდის შემობრუნებას, რომ ბოლოს უკვე "ფეხით გასეირნებასაც" აზრი ეკარგება და მასთან ერთად ძვირფასი დეპოზიტიც იწურება. არადა თავში ხელს შემოირტყავენ ხოლმე და წამოიძახებენ რა მინდოდა, ხო ვიცოდი რომ ჩემს წინააღმდეგ მიდიოდა ტრენდიო? დამეხურა რა დროზე ორდერი...

Friday, January 18, 2013

ძირითადი ტერმინები, ნაწ. II - გარიგების ტიპები.


როგორც წინა ნაწილში ვისაუბრეთ (ძირითადი ტერმინები, ნაწილი I), რომელიმე წყვილის შესყიდვის ან გაყიდვის ოპერაციას მრავალი სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ. შესყიდვას უწოდებენ გრძელი პოზიციას გახსნას, ხარის (bull's) პოზიციის გახსნას, ან უბრალოდ ყიდვის ორდერის გახსნას. გაყიდვის ოპერაციას მოკლე პოზიციის გახსნას, დათვის (bear's) პოზიციის გახსნას ან უბრალოდ გაყიდვის ორდერის გახსნას.

მცირედი ლირიული გადახვევა ძირითადი თემიდან, რატომ ხარი და რატომ დათვი?
ხარი ასოცირდება იმ ტრეიდერებთან, რომლებიც ყიდულობენ აქტივს მისი გაძვირებისა და მომავალში მომგებიანად გაყიდვის გათვლით. ანუ აქტივის ფასი არის დაბლა და "ხარები" ცდილობენ მის ზევით "აგდებას", ისევე როგორც ხარი ვდილობს ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგის რქებით აცმასა და ჰაერში აწევას.
დათვი კი, ხარის საპირისპიროდ, ასოცირდება იმ ტრეიდერებთან, რომლებიც ცდილობენ ძვირი აქტივის გაყიდვას და შემდგომ მისი გაიაფების შემთხვევაში ღია პოზიციის დახურვას, ანუ შესყიდვას. ანუ "დათვები" ცდილობენ აქტივის ფასის ზევიდან ქვევით დაწევას. დათვიც ბრძოლაში უკანა ორ ფეხზე დგება და მოწინააღმდეგეს უტევს მთელი ტანით, ზევიდან ეცემა და თათებს უბრაგუნებს. "გრძელი" და "მოკლე" პოზიციების გარჩევაც მარტივად შეგვიძლია - გრძელი ეწოდება შესყიდვის, ანუ "ხარის" პოზიციას, ხოლო მოკლე "დათვის" ანუ გაყიდვის პოზიციას. მაინც ვერ დაიმახსოვრეთ? ხარს აქვს გრძელი კუდი, ხოლო დათვს მოკლე! :)

დავუბრუნდეთ კვლავ ჩვენს ძირითად თემას. მაშ ასე, რა სახის გარიგების დადება შეგვიძლია ფორექსის ბაზარზე?

უპირველეს ყოვლისა გამოვყოთ ბროკერის მიერ გარიგების შესრულების ტიპები:
  • ტელეფონით - მიუხედავად პროგრესისა და ტექნოლოგიური ბუმის ბროკერების უმეტესობა გვაძლევს საშუალებას დავდოთ გარიგება ამ მამაპაპური და უტყუარი მეთოდით. 
  • მყისიერი შესრულება (MT4 ტერმინალიდან) - ე.წ. Instant Execution, გარიგება, ორდერი გაიხსნება გახსნის მომენტისთვის არსებული ფასით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ფასისგან, რა ფასშიც თქვენ გსურდათ ამ ორდერის გახსნა (ან დახურვა). საქმე იმაშია, რომ გარიგების დადებას სჭირდება დრო, ჩვეულებრივ, მშვიდ ბაზარზე ეს დრო არის ძალიან მცირე, თუმცა მძლავრი ტრენდის მსვლელობისას დაყოვნება შეიძლება წუთამდეც კი გაიზარდოს, ერთ წუთში კი, მითუმეტეს ძლიერცვალებადი (ვოლატირული) ბაზრის პირობებში ერთ წუთში ფასი შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს გამოწვეული ბაზრის მოქმედების ტექნიკური პრინციპებით, თუ ვინმეს ექნება სურვილი შემიძლია უფრო ვრცლად ავხსნა თუ რატომ ხდება ჩვენი ორდერების დაყოვნება ბაზარზე ფასის მკვეთრი მოძრაობების დროს.
  • შესრულება საბაზრო ფასით - ე.წ. Market Execution, გარიგება გაიხსნება იმ ფასით, რა ფასიც იყო მითითებული ორდერის გახსნის მომენტში, უხეშად რომ ვთქვათ თქვენს ეკრანზე რა ფასიც იყო ორდერის გახსნის მომენტში, იმ ფასად უნდა შესრულდეს გარიგება. თუკი ორდერი ისევე ფასის მკვეთრი მოძრაობის გამო ვერ გაიხსნა მითითებულ ფასად, ამ შემთხვევაში თქვენ ამოგივარდებათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფასი შეიცვალა და გსურთ თუ არა ახალი ფასით ორდერის გახსნა. ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომ ფასის ცვლილებისას შეტყობინება ამოგივარდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფასმა თქვენს წინააღმდეგ შეასრულა მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გსურთ გაყიდოთ რომელიმე სავაჭრო ინსტრუმენტი მაღალ ფასად, იმ შემთხვევაში თუკი ფასმა კიდევ უფრო ზევით აიწია თქვენი ორდერი შესრულდება იმ ფასად, რა ფასიც იყო ორდერის გაგზავნის მომენტში, ანუ უკეთეს ფასად ორდერი არ შესრულდება. ხოლო თუკი ფასმა ქვევით დაიწია და შესაბამისად თქვენ შეიძლება აღარ გაწყობდეთ დაბალ ფასად გარიგების შესრულება, ამ შემთხვევაში უკვე ორდერი არ გაიხსნება და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ფასის ცვლილების შესახებ. ამ შეტყობინებას ეწოდება re-quote (http://forexforum.ru/wiki/index.php/Re-Quote).
Instant Execution-ს აქვს ის უპირატესობა, რომ თქვენ შეგიძლიათ მოასწროთ "შეხტომა" ფასის ძლიერ მოძრაობაში, რაც Market Execution–ის შემთხვევაში ფაქტიურად გამორიცხულია, რადგან თქვენ ყოველ ახალ მცდელობაზე კვლავ re-quote-ს მიიღებთ. Market Execution–საც აქვს უპირატესობა, თუკი გარკვეული მიზეზების გამო თქვენ ორდერს დააგვიანდა გახსნა და ფასი უმნიშვნელოდ, მაგრამ შეიცვალა, თქვენ გაქვთ არჩევანი შეასრულოთ გარიგება ახალ ფასად ან დაელოდოთ სხვა, უკეთეს მომენტს გარიგების დასადებად.

ასევე შემდეგი ტერმინები აუცილებელია იცოდეს ყველა დამწყებმა ტრეიდერმა:
  • buy order - სავაჭრო ინსტრუმენტის შესყიდვის ორდერი, რომელიც სრულდება მიმდინარე ფასად,
  • sell order - სავაჭრო ინსტრუმენტის გაყიდვის ორდერი, რომელიც სრულდება მიმდინარე ფასად. აღსანიშნავია, რომ ფორექსზე საშუალება გვაქვს გავყიდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ გვაქვს ნაყიდი. მაგალითად თუკი ჩვენი დეპოზიტი არის აშშ დოლარებში, თამამად შეგვიძლია გავყიდოთ EUR/USD წყვილი, რომელიც ფაქტიურად გაგვიზრდის დოლარის ბალანსს, თუმცა "ვალად" გავყიდით ევროს :)
  • take profit - ნებისმიერ ორდერს შეიძლება მიეთითოს თუ ფასის რომელ ნიშნულამდე მიღწევის შემთხვევაში დაიხუროს ორდერი მოგებით. მაგ: ჩვენ ვყიდით ევრო/დოლარს 1.3000 ფასად და ვვარაუდობთ რომ ფასი 1.2000 ნიშნულს დიდად არ გასცდება. შესაბამისად 24 საათი რომ არ ვადევნოთ თვალყური ფასის მორაობას, შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენს გაყიდვის ორდერში take profit–ის მნიშვნელობად 1.2000. ფასის ამ მნიშვნელობამდე მიღწევის შემთხვევაში ორდერი ავტომატურად დაიხურება ბროკერის სერვერზე, ანუ არც ჩვენი კომპიუტერისა და სავაჭრო პლატფორმის 24 საათიანი ჩართულობაა საჭირო, სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ – თუკი ფასმა მიაღწია ჩვენთვის სასურველ მნიშვნელობას ჩვენი ორდერი დაიხურება შესაბამისი მოგებით. ძირითადად ხმარობენ Take Profit-ის შემოკლებულ აბრევიატურას – TP.
  • stop-loss - take profit-ის საწინააღმდეგო პარამეტრი, აღნიშნავს მაქსიმუმ რა წაგებაზე ვართ მზად კონკრეტული ორდერისთვის. მაგ: თუკი ჩვენ გავყიდეთ ევრო/დოლარი 1.3000–ად და ვვარაუდობთ ფასის მოძრაობას 1.2000 ნიშნულამდე, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ ფასმა შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ დაიწყოს მოძრაობა. ამ შემთხვევაში ჩვენ განვსაზღვრავთ იმ მნიშვნელობას, სადამდეც მზად ვართ რომ ჩვენი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა და ფასი მაინც ჩავა 1.2000–მდე, თუმცა თუკი ვიცით, რომ 1.3500–ის გადალახვის შემთხვევაში ფასი ქვევით აღარ წამოვა, Stop-loss-ის მნიშვნელობა უნდა მივუთითოთ 1.3500. ძირითადად ხმარობენ Stop-Loss–ის შემოკლებულ ვარიანტს – SL.
  • lot - ბირჟაზე ვაჭრობის ერთეულს ეწოდება ლოტი. ბროკერები და ბანკები ვაჭრობენ სრული ლოტებით – 1, 2, ..., 100 ლოტი. ბროკერი ტრეიდერს აძლევს საშუალებას ივაჭროს წილადი ლოტებით – 0.01 ლოტი არის გარიგების მინიმალური ოდენობა. სხვადასხვა ბროკერთან ლოტის მოცულობაც განსხვავდება, ასევე ლოტის მოცულობა განსხვავდება სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისთვის. მაგალითისთვის ევრო/დოლარისთვის 1 ლოტი 100,000 ევროს ტოლფასია. ანუ 1 ლოტის ყიდვა/გაყიდვა ნიშნავს 100,000 ევროს ყიდვა/გაყიდვას. ოქროს შემთხვევაში კი 1 ლოტი 100 უნციის ტოლფასია. მიკრო ანგარიშებზე, სადაც ბალანსი განისაზღვრება ცენტებში, ლოტებიც შესაბამისად 100–ჯერ მცირეა, ანუ ევრო/დოლარის 1 ლოტი 100,000 ევროცენტის, ანუ 1000 ევროს ტოლფასია.
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გარიგებისთვის წინასწარ განისაზღვროს მიახლოებითი TP და SL დონეები. ამ დონეების სწორი განსაზღვრა ნახევარი საქმეა წარმატებული ვაჭრობისთვის. SL დონე ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე TP, ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ რა თანხის დაკარგვისთვის უნდა ვიყოთ მზად, ვინაიდან არცერთი ტრეიდერი არაა დაცული მის წინააღმდეგ ფასის მკვეთრი მოძრაობისგან. SL დონე გვეხმარება ასევე განვსაზღვროთ თუ რამდენი ლოტით გავხსნათ ორდერი. 

აღსანიშნავია, რომ ტრეიდერებს ღრმად აქვთ ჩამჯდარი აზრი, რომ ნებისმიერ გარიგებაში TP-ის ოდენობა უნდა აღემატებოდეს SL–ის ოდენობას 2–3ჯერ, რომ ვაჭრობა საერთო ჯამში იყოს წარმატებული. გარკვეულ წილად მეც ვიზიარებ ამ აზრს, თუმცა ვთვლი, რომ ამაზე ჩაციკვლა არ ღირს, მითუმეტეს თუ ძალიან დამწყები ხართ ფორექსზე.

Thursday, January 10, 2013

МОФТ (IAFT) - დამატებითი შემოსავალი ტრეიდერებისთვის

რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ბროკერები გთავაზობენ ე.წ. რეფერალ სერვისს - როდესაც სხვა ტრეიდერი რეგისტრირდება თქვენი "რეკომენდაციით". ამ შემთხვევაში თითქოსდა ყველა კმაყოფილია - თქვენ იღებთ გარკვეულ შემოსავალს, ბროკერი იღებს კიდევ ერთ კლიენტს, ხოლო კლიენტი.... ხოო, აი ის მოყვანილი კლიენტი კი დიდი ვერაფერს იღებს.

არის ასეთი კომპანია МОФТ (იგივე IAFT) - Международное Объединение Форекс Трейдеров (International Association of Forex Traders), რომელიც ეწევა ე.წ. rebate სერვისს. პრინციპი არის ძალიან მარტივი - მათ აქვთ გახსნილი ანგარიშები თითქმის ყველა ბროკერთან, შესაბამისად თქვენ გთავაზობენ დარეგისტრირდეთ როგორც მათი referral-ი და სანაცვლოდ გთავაზობენ მათ მიერ მიღებული შემოსავლის 60%-ს. ძირითადი სქემა იგივეა რაც ზემოთ აღვწერე, მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ თუკი პირველ ვარიანტში მოყვანილი კლიენტი ვერაფერს ღებულობდა, МОФТ-თან თანამშრომლობით უკვე იმ დაბრუნებული საკომისიოს 60%-ს მიიღებს. 

ეს არ არის მილიონები და არც რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავალია რომ გამოეკიდო. ძირითადი აქცენტი აუცილებლად თქვენს სტრატეგიაზე და ვაჭრობაზე უნდა გქონდეთ გაკეთებული. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მცირე შემოსავალი არანაირად არ იქნება ზედმეტი, მითუმეტეს თქვენ დამატებით არაფრის კეთება არ გიწევთ. ანუ ვაჭრობთ როგორც აქამდე ვაჭრობდით და ამისათვის დამატებით გერიცხებათ ფული.

ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ წელს დაახლოებით 15 ლოტის ვივაჭრე, რაშიც შესაბამისად დამერიცხა ~70$. ვიღაცას ეს თანხა სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ ისევ და ისევ – ეს თანხა მიღებულია არაფერში, უბრალოდ დავრეგისტრირდი და მორჩა.


დარიცხვის პერიოდი და პირობები განსხვავდება ბროკერების მიხედვით. ზოგი ყოველდღე გარიცხავს, უმეტესობა თვეში ერთხელ. გამოტანა შესაძლებელია როგორც webmoney-ზე, ასევე პირდაპირ ბარათზე. ბარათზე გამოსატანად მინიმალური თანხა უნდა იყოს 50$, webmoney-ზე არანაირი შეზღუდვა არ არის.

გთხოვთ დასარეგისტრირებლად გამოიყენოთ ჩემი რეფერალ-ლინკი: http://traders-union.ru/index.php?ref=67306

რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია ან გახსნათ ახალი ანგარიში მათი რეფერალ-ლინკით თქვენს ბროკერთან, ან თუ თქვენი ბროკერი იძლევა ამის საშუალებას შეცვალოთ უკვე გახსნილი ანგარიშის ე.წ. "პარტნიორის კოდი".

თუ რაიმე დახმარება დაგჭირდეთ მომმართეთ და დაგეხმარებით

წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ 2013-ში!

Thursday, August 23, 2012

ვაჭრობა ფორექსზე ნაწ. I - ანგარიშის ტიპები.

ინტერნეტში განთავსებული რეკლამებისა და სხვადასხვა ჩამთრევი სტატიების წყალობით ფორექსი ჩვენს წარმოსახვაში არის ოქროს ქვიშის უკიდეგანო უდაბნო, სადაც უბრალოდ მიდი და რამდენსაც ზიდავ იმდენი ოქრო წამოიღე...

ცოტა უფრო "გაქექილი" მომხმარებლებისთვისაც ფორექსი არის შემოსავლის უშრეტ წყაროსთან ასოცირებული სისტემა. მართლაც, რომ დავფიქრდეთ თუ რამდენად მოძრავია ამა თუ იმ სავალუტო წყვილის ფასი ორივე მიმართულებით, მაგის მეათედიც რომ მოვახერხოთ და ავიღოთ ყოველდღიურად, ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილნი ვიქნები ყველაფრით, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა.

მაშ მოდი, ჩვენც გავსინჯოთ თუ რა ხილია ვაჭრობა ფორექსზე. ამისათვის უნდა ავირჩიოთ სასურველი ბროკერი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავხსნათ დემო ანგარიში და ვივაჭროთ დეპოზიტის გარეშე. ასეთი ბროკერი კი ათასობითაა მომრავლებული ინტერნეტ სივრცეში. ჯერ არ დაგვიწყია ვაჭრობა და უკვე რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ყოველ ბროკერს აქვს თავის პირობები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ, თუმცა მანამდე ჯერ გავერკვიოთ დეტალებში, თუ რისგან უნდა ავარჩიოთ?

ანგარიშის ტიპი: თითქმის ყველა ბროკერი სხვადასხვა დასახელებით გვთავაზობს რამოდენიმე განსხვავებულ ანგარიშს. ესენი არიან:

  • Fix - ტიპის ანგარიში, სადაც ყველა სავალუტო წყვილზე გაწერილია ფიქსირებული სხვაობა (spread) ყიდვა–გაყიდვას შორის (bid/ask).ამ შემთხვევაში ტრეიდერმა ზუსტად იცის თუ რა დაუჯდება ამა თუ იმ გარიგების შესრულება და შეუძლია უფრო ზუსტად გათვალოს თავისი სავაჭრო სტრატეგია.
  • Pro - ტიპის ანგარიში, სადაც ყველა სავალუტო წყვილზე გაწერილია spread-ის ქვედა მინიმალური ზღვარი, რომელიც როგორც წესი ბევრად ნაკლებია Fix-ტიპის ანგარიშისთვის განსაზღვრულ spread-ზე, თუმცა არ არის განსაზღვრული ზედა ზღვარი. ამ ტიპის ანგარიშებზე ფასის მოძრაობიდან გამომდინარე spread-იც თამაშობს. მკვეთრი მოძრაობის დროს რომელიმე მიმართულებით spread-იც იზრდება. ასევე spread-ი იზრდება უზარმაზარ ნიშნულამდე ისეთ კრიტიკულ საათებში, როგორიცაა მაგ. დღის ბოლო (23:30–იდან 00:00–მდე სერვერის დროით), პარასკევს დღის ბოლოს (ბირჟის დახურვასთან დაკავშირებით) და ორშაბათს გამთენიისას (ბირჟაზე ვაჭრობის განახლებისას).
  • Cent - ტიპის ანგარიშები (Fix, Pro), რომლებიც ასახავენ დეპოზიტს ცენტებში. მაგ. თუკი თქვენ არა-Cent ანგარიშზე შეიტანთ 100$-ს, თქვენი დეპოზიტი განისაზღვრება 100 ერთეულით შესაბამის ვალუტაში, ხოლო იგივე 100$ შეტანისას Cent ანგარიშზე, თქვენს დეპოზიტზე შესაბამისად იქნება 10,000 ერთეული.
  • Currenex - წარმოადგენს ანგარიშზე, რომელიც საშუალებას აძლევს ტრეიდერს დადოს გარიგებები უშუალოდ სხვა ტრეიდერებთან, ბროკერის გვერდის ავლით. ამ ანგარიშის ძირითადი განსხვავება სხვა ანგარიშებისგან არის ის, რომ თქვენს ნებისმიერ გარიგებას ბროკერი პირდაპირ გადასცემს ბირჟას, მინიმალური დაყოვნებით. შესაბამისად ბროკერის ამ მომსახურებაში სტანდარტული spread-ის გარდა ტრეიდერი იხდის ფიქსირებულ საკომისიოს პოზიციის გახსნა/დახურვაში.
შემდეგ ნაწილში შევეცდები უფრო ვრცლად მოგიყვეთ ბროკერების შესახებ, დაიმახსოვრეთ - სწორად არჩეული ბროკერი თქვენი წარმატებული ვაჭრობის საწინდარია!

Wednesday, March 21, 2012

ძირითადი ტერმინები, ნაწილი I

ფორექსის ტერმინოლოგია დაგეხმარებათ მასალების მოძიებასა და ათვისებაში.

bid - აღნიშნავს ძირითადი ვალუტის გაყიდვის ფასს,

ask - აღნიშნავს ძირითადი ვალუტის შესყიდვის ფასს,

bid და ask ფასებს შორის სხვაობას ეწოდება spread. მაგალითისთვის განვიხილოთ EUR/USD წყვილი, რომლისთვისაც 20-Mar-2012 დაფიქსირებული მაქსიმალური bid კურსი იყო 1.3251. Spread-ის მნიშვნელობა ამ წყვილისთვის ჩემს მიერ არჩეულ ბროკერთან საშუალოდ არის 1.5 პუნქტი, შესაბამისად ask ფასის მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 1.32525.

Spread არის ნებისმიერი ტრეიდერის მტერი და ყოველი ბროკერის მეგობარი. თუ რატომ, ამას ახლავე მარტივად აგიხსნით. გარიგების დადებისას იმისდამიხედვით ყიდულობთ ძირითად ვალუტას თუ ყიდით, გარიგება სრულდება ask კურსით შესყიდვისა და bid კურსით გაყიდვისას. გარიგების დახურვისას კი ask კურსით ნაყიდი ვალუტა უნდა გაყიდოთ bid კურსით და პირიქით. განვიხილოთ მაგალითი – EUR/USD bid: 1.3, ask: 1.4.100 ერთეულის შესყიდვისას ჩვენ უნდა გადავიხადოთ 100 * ask = 140 USD.  იმწამსვე რომ მოვინდომოთ გარიგების დასრულება ჩვენ ეს 100 ერთეული უნდა გავყიდოთ bid კურსით და მივიღებთ 100*bid  = 130 USD. გამოდის, რომ ჩვენ 100 ევროში გადავიხადეთ 140 აშშ დოლარი და სანაცვლოდ მივიღეთ 130 აშშ დოლარი, ანუ ვიზარალეთ 10 დოლარი. Spread ჩვენს მაგალითში იყო 0.1 ანუ 1000 პუნქტი, საშუალო spread სხვადასხვა ბროკერთან EUR/USD წყვილისთვის მერყეობს 1.5–დან 3 პუნქტამდე. თუმცა ესეთი მცირე სხვაობაც ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელია :)

პუნქტი არის წყვილის მინიმალური ცვლილება, EUR/USD წყვილის შემთხვევაში ეს ცვლილება შეადგენს 0.0001-ს. ასევე მას უწოდებენ ე.წ. pip-ს (http://en.wikipedia.org/wiki/Percentage_in_point). ვაჭრობის მახასიათებლების უმეტესობა – მოგება, ზარალი, კურსის ცვლილება და სხვა, განისაზღვრება პუნქტებში. ზუსტად ამიტომაა, რომ არასდროს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ინტერნეტში გავრცელებულ იმ სტატიებსა და ვიდეოებს, რომლებიც გთავაზობენ უტყუარ მეთოდს თუ როგორ იშოვოთ საათში ან დღეში 300$. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მთავარია რის ფასად. 10$–იანი დეპოზიტით თქვენ ამას ვერ შეძლებთ, 1,000,000$–იანით შეძლებთ ძალიან მარტივად, თუმცა დამეთანხმებით, რომ 300$ ნავაჭრი 1,000,000–იდან ზღვაში წვეთია.

გარიგებას ბირჟაზე უწოდებენ პოზიციას. გარიგების დადებას – პოზიციის გახსნას. შესყიდვაზე გახსნილ პოზიციას ეწოდება გრძელი პოზიცია, შესაბამისად გაყიდვის პოზიციას – მოკლე. მოკლე პოზიციები არის ფორექსის დამახასიათებელი და  სხვა სახის ვაჭრობებისგან განმასხვავებელი ნიშან–თვისება. როდესაც ბაზრობის მოვაჭრე ვაჭრობს თავის დახლთან ხილით, იმისათვის, რომ მან ივაჭროს ბოსტნეულით მან პირველ რიგში ეს ბოსტნეული უნდა შეიძინოს, მოიტანის, დახლზე განათავსოს და ფასიც განსაზღვროს. ფორექსზე ტრეიდერებს საშუალება აქვთ პოზიციები გახსნან ნებისმიერ ვალუტაში, იმისდამიუხედავად თუ რომელ ვალუტაში აქვთ დეპოზიტი. უფრო მეტიც, ბროკერი საშუალებას აძლევს ტრეიდერს ივაჭროს იმაზე მეტი თანხით, ვიდრე მას რეალურად გააჩნია ანგარიშზე. ამ ინსტრუმენტს ეწოდება საკრედიტო მხარი (leverage, http://en.wikipedia.org/wiki/Leverage_(finance)). სხვადასხვა ბროკერი იძლევა სხვადასხვა ზომის მხარს დაწყებული 1:50 და დამთავრებული 1:1000. მაგალითისთვის თუკი თქვენი დეპოზიტი ანგარიშზე შეადგენს 1000$, ხოლო ბროკერთან თქვენს მიერ არჩეული მხარი არის 1:50, ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ გახსნილი პოზიციის მაქსიმალური ზომა იქნება 50,000$. როგორც უკვე ვახსენეთ, ბროკერის შემოსავალი არაა დამოკიდებული ტრეიდერის წარმატებაზე, ის მთლიანადაა დამოკიდებული მის მიერ შესრულებული პოზიციების ჯამურ ოდენობაზე. თქვენი 1000$–ით პოზიციის გახსნა და დახურვა 1.5 პუნქტიანი spread-ის შემთხვევაში ბროკერს მოუტანს 0.15$, 1:50 მხარით შესრულებული პოზიცია კი 50–ჯერ მეტს – 7.5$. ამავე დროს ბროკერი სრულიად დაცულია საკუთარი ფულის დაკარგვისგან, ვინაიდან როგორც კი წამგებიანი ღია პოზიციის ზარალი მიაღწევს თქვენი დეპოზიტის ოდენობას, ბროკერი თქვენს დაუკითხავად, ავტომატურად მოახდენს ამ პოზიციის დახურვას. ბროკერი აიღებს თავის საკომისიოს, თქვენ კი დარჩებით ცარიელი დეპოზიტის ამარა. ამიტომაც საკრედიტო მხარის მაქსიმალურად გამოყენებისგან თავს იკავებენ გამოცდილი ტრეიდერებიც კი, ვინაიდან არ არსებობს ტრეიდერი, რომლის პოზიციების 100% იქნება მომგებიანი, ყოველთვის უნდა გქონდეთ განსაზღვრული დეპოზიტის მაქსიმალური წილი, რომლის დაკარგვისთვისაც მზად იქნებით კურსის თქვენს საწინააღმდეგოდ მოძრაობისას.

Tuesday, March 20, 2012

რა არის Forex-ი?

Foreign Exchange Market - Forex, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ბირჟა, სადაც ფულით ყიდულობენ ფულს, ერთი ვალუტით - მეორეს.

ვალუტები დაყოფილია ე.წ. წყვილებად, მაგალითად EUR/USD, GBP/USD, USD/JPY. წყვილში პირველ ვალუტას ეწოდება ძირითადი, ხოლო მეორეს დამხმარე. შესაბამისი კურსი გამოსახავს თანხას დამხმარე ვალუტაში, რომელიც საჭიროა 1 ერთეული ძირითადი ვალუტის საყიდლად. ანუ EUR/USD 1.325 ნიშნავს, რომ 1 ევროს საყიდლად დაგჭირდებათ 1.325 აშშ დოლარი.

ფორექსის მონაწილენი ვაჭრობენ სხვადასხვა მიზნებისთვის, ზოგი ყიდულობს სხვა ქვეყნის ვალუტას ამ ქვეყნის პროდუქციის საყიდლად. მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები ყიდულობენ სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებს ამ ქვეყნებში თავიანთი თანამშრომლებისთვის ხელფასების გასაცემად. ბანკები ვაჭრობენ საერთაშორისო გადარიცხვების შესრულებასა და საკრედიტო ხაზების დასაფარად.

მაგრამ ბირჟის უმეტესი ნაწილი ვაჭრობს კურსთაშორის სხვაობაზე საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძირითადი პრინციპი მარტივზე მარტივია - იყიდე იაფად და გაყიდე ძვირად. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე მარტივი - ფასის მოძრაობის პროგნოზირება რთული საქმეა, რომელიც მოითხოვს საკმაო დროსა და ყურადღებას. 

ბირჟაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ორშაბათიდან (01:00 საათიდან), პარასკევის ჩათვლით (00:00 საათამდე). 

მოვაჭრეები (მათ ასევე უწოდებენ ტრეიდერებს) ბირჟაზე ვაჭრობენ სპეციალური კომპანიების, ბროკერების მეშვეობით. ბროკერი ტრეიდერის დავალებით ათავსებს ბირჟაზე მოთხოვნას შესაბამისი გარიგების შესასრულებლად. ბროკერის შემოსავალი არაა დამოკიდებული ტრეიდერის წარმატებაზე, ის მთლიანადაა დამოკიდებული გარიგების ოდენობაზე - რაც უფრო მეტ და მოცულობით დიდ გარიგებას შეასრულებs ტრეიდერი, მით მეტ საკომისიოს აიღებს ბროკერი. საკომისიოს აღების შემდეგი ორი სქემაa ყველაზე მეტად გავრცელებული:
  • ე.წ. "spread", კურსთაშორისი სხვაობა, რომელიც განისაზღვრება სხვაობით კონკრეტული წყვილის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის.
  • ფიქსირებული საკომისიო 1 ლოტზე, რომელიც აიღება ორჯერ, გარიგების გახსნისა და დახურვისას ცალ–ცალკე.

Wednesday, February 15, 2012

Welcome

მოგესალმებით,

ამ ბლოგზე ვეცდები თავი მოვუყარო ყველანაირ მასალას საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე (Forex) ვაჭრობასთან დაკავშირებით, დაწყებული ზოგადი მიმოხილვით და დასრულებული კონკრეტული რჩევებით, მაგალითებითა და სტრატეგიების განხილვით.