როგორც წინა ნაწილში ვისაუბრეთ (ძირითადი ტერმინები, ნაწილი I), რომელიმე წყვილის შესყიდვის ან გაყიდვის ოპერაციას მრავალი სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ. შესყიდვას უწოდებენ გრძელი პოზიციას გახსნას, ხარის (bull's) პოზიციის გახსნას, ან უბრალოდ ყიდვის ორდერის გახსნას. გაყიდვის ოპერაციას მოკლე პოზიციის გახსნას, დათვის (bear's) პოზიციის გახსნას ან უბრალოდ გაყიდვის ორდერის გახსნას.
ხარი ასოცირდება იმ ტრეიდერებთან, რომლებიც ყიდულობენ აქტივს მისი გაძვირებისა და მომავალში მომგებიანად გაყიდვის გათვლით. ანუ აქტივის ფასი არის დაბლა და "ხარები" ცდილობენ მის ზევით "აგდებას", ისევე როგორც ხარი ვდილობს ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგის რქებით აცმასა და ჰაერში აწევას.
დათვი კი, ხარის საპირისპიროდ, ასოცირდება იმ ტრეიდერებთან, რომლებიც ცდილობენ ძვირი აქტივის გაყიდვას და შემდგომ მისი გაიაფების შემთხვევაში ღია პოზიციის დახურვას, ანუ შესყიდვას. ანუ "დათვები" ცდილობენ აქტივის ფასის ზევიდან ქვევით დაწევას. დათვიც ბრძოლაში უკანა ორ ფეხზე დგება და მოწინააღმდეგეს უტევს მთელი ტანით, ზევიდან ეცემა და თათებს უბრაგუნებს. "გრძელი" და "მოკლე" პოზიციების გარჩევაც მარტივად შეგვიძლია - გრძელი ეწოდება შესყიდვის, ანუ "ხარის" პოზიციას, ხოლო მოკლე "დათვის" ანუ გაყიდვის პოზიციას. მაინც ვერ დაიმახსოვრეთ? ხარს აქვს გრძელი კუდი, ხოლო დათვს მოკლე! :)
დავუბრუნდეთ კვლავ ჩვენს ძირითად თემას. მაშ ასე, რა სახის გარიგების დადება შეგვიძლია ფორექსის ბაზარზე?
უპირველეს ყოვლისა გამოვყოთ ბროკერის მიერ გარიგების შესრულების ტიპები:
- ტელეფონით - მიუხედავად პროგრესისა და ტექნოლოგიური ბუმის ბროკერების უმეტესობა გვაძლევს საშუალებას დავდოთ გარიგება ამ მამაპაპური და უტყუარი მეთოდით.
- მყისიერი შესრულება (MT4 ტერმინალიდან) - ე.წ. Instant Execution, გარიგება, ორდერი გაიხსნება გახსნის მომენტისთვის არსებული ფასით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ფასისგან, რა ფასშიც თქვენ გსურდათ ამ ორდერის გახსნა (ან დახურვა). საქმე იმაშია, რომ გარიგების დადებას სჭირდება დრო, ჩვეულებრივ, მშვიდ ბაზარზე ეს დრო არის ძალიან მცირე, თუმცა მძლავრი ტრენდის მსვლელობისას დაყოვნება შეიძლება წუთამდეც კი გაიზარდოს, ერთ წუთში კი, მითუმეტეს ძლიერცვალებადი (ვოლატირული) ბაზრის პირობებში ერთ წუთში ფასი შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს გამოწვეული ბაზრის მოქმედების ტექნიკური პრინციპებით, თუ ვინმეს ექნება სურვილი შემიძლია უფრო ვრცლად ავხსნა თუ რატომ ხდება ჩვენი ორდერების დაყოვნება ბაზარზე ფასის მკვეთრი მოძრაობების დროს.
- შესრულება საბაზრო ფასით - ე.წ. Market Execution, გარიგება გაიხსნება იმ ფასით, რა ფასიც იყო მითითებული ორდერის გახსნის მომენტში, უხეშად რომ ვთქვათ თქვენს ეკრანზე რა ფასიც იყო ორდერის გახსნის მომენტში, იმ ფასად უნდა შესრულდეს გარიგება. თუკი ორდერი ისევე ფასის მკვეთრი მოძრაობის გამო ვერ გაიხსნა მითითებულ ფასად, ამ შემთხვევაში თქვენ ამოგივარდებათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფასი შეიცვალა და გსურთ თუ არა ახალი ფასით ორდერის გახსნა. ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომ ფასის ცვლილებისას შეტყობინება ამოგივარდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფასმა თქვენს წინააღმდეგ შეასრულა მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გსურთ გაყიდოთ რომელიმე სავაჭრო ინსტრუმენტი მაღალ ფასად, იმ შემთხვევაში თუკი ფასმა კიდევ უფრო ზევით აიწია თქვენი ორდერი შესრულდება იმ ფასად, რა ფასიც იყო ორდერის გაგზავნის მომენტში, ანუ უკეთეს ფასად ორდერი არ შესრულდება. ხოლო თუკი ფასმა ქვევით დაიწია და შესაბამისად თქვენ შეიძლება აღარ გაწყობდეთ დაბალ ფასად გარიგების შესრულება, ამ შემთხვევაში უკვე ორდერი არ გაიხსნება და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ფასის ცვლილების შესახებ. ამ შეტყობინებას ეწოდება re-quote (http://forexforum.ru/wiki/index.php/Re-Quote).
Instant Execution-ს აქვს ის უპირატესობა, რომ თქვენ შეგიძლიათ მოასწროთ "შეხტომა" ფასის ძლიერ მოძრაობაში, რაც Market Execution–ის შემთხვევაში ფაქტიურად გამორიცხულია, რადგან თქვენ ყოველ ახალ მცდელობაზე კვლავ re-quote-ს მიიღებთ. Market Execution–საც აქვს უპირატესობა, თუკი გარკვეული მიზეზების გამო თქვენ ორდერს დააგვიანდა გახსნა და ფასი უმნიშვნელოდ, მაგრამ შეიცვალა, თქვენ გაქვთ არჩევანი შეასრულოთ გარიგება ახალ ფასად ან დაელოდოთ სხვა, უკეთეს მომენტს გარიგების დასადებად.
ასევე შემდეგი ტერმინები აუცილებელია იცოდეს ყველა დამწყებმა ტრეიდერმა:
- buy order - სავაჭრო ინსტრუმენტის შესყიდვის ორდერი, რომელიც სრულდება მიმდინარე ფასად,
- sell order - სავაჭრო ინსტრუმენტის გაყიდვის ორდერი, რომელიც სრულდება მიმდინარე ფასად. აღსანიშნავია, რომ ფორექსზე საშუალება გვაქვს გავყიდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ გვაქვს ნაყიდი. მაგალითად თუკი ჩვენი დეპოზიტი არის აშშ დოლარებში, თამამად შეგვიძლია გავყიდოთ EUR/USD წყვილი, რომელიც ფაქტიურად გაგვიზრდის დოლარის ბალანსს, თუმცა "ვალად" გავყიდით ევროს :)
- take profit - ნებისმიერ ორდერს შეიძლება მიეთითოს თუ ფასის რომელ ნიშნულამდე მიღწევის შემთხვევაში დაიხუროს ორდერი მოგებით. მაგ: ჩვენ ვყიდით ევრო/დოლარს 1.3000 ფასად და ვვარაუდობთ რომ ფასი 1.2000 ნიშნულს დიდად არ გასცდება. შესაბამისად 24 საათი რომ არ ვადევნოთ თვალყური ფასის მორაობას, შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენს გაყიდვის ორდერში take profit–ის მნიშვნელობად 1.2000. ფასის ამ მნიშვნელობამდე მიღწევის შემთხვევაში ორდერი ავტომატურად დაიხურება ბროკერის სერვერზე, ანუ არც ჩვენი კომპიუტერისა და სავაჭრო პლატფორმის 24 საათიანი ჩართულობაა საჭირო, სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ – თუკი ფასმა მიაღწია ჩვენთვის სასურველ მნიშვნელობას ჩვენი ორდერი დაიხურება შესაბამისი მოგებით. ძირითადად ხმარობენ Take Profit-ის შემოკლებულ აბრევიატურას – TP.
- stop-loss - take profit-ის საწინააღმდეგო პარამეტრი, აღნიშნავს მაქსიმუმ რა წაგებაზე ვართ მზად კონკრეტული ორდერისთვის. მაგ: თუკი ჩვენ გავყიდეთ ევრო/დოლარი 1.3000–ად და ვვარაუდობთ ფასის მოძრაობას 1.2000 ნიშნულამდე, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ ფასმა შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ დაიწყოს მოძრაობა. ამ შემთხვევაში ჩვენ განვსაზღვრავთ იმ მნიშვნელობას, სადამდეც მზად ვართ რომ ჩვენი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა და ფასი მაინც ჩავა 1.2000–მდე, თუმცა თუკი ვიცით, რომ 1.3500–ის გადალახვის შემთხვევაში ფასი ქვევით აღარ წამოვა, Stop-loss-ის მნიშვნელობა უნდა მივუთითოთ 1.3500. ძირითადად ხმარობენ Stop-Loss–ის შემოკლებულ ვარიანტს – SL.
- lot - ბირჟაზე ვაჭრობის ერთეულს ეწოდება ლოტი. ბროკერები და ბანკები ვაჭრობენ სრული ლოტებით – 1, 2, ..., 100 ლოტი. ბროკერი ტრეიდერს აძლევს საშუალებას ივაჭროს წილადი ლოტებით – 0.01 ლოტი არის გარიგების მინიმალური ოდენობა. სხვადასხვა ბროკერთან ლოტის მოცულობაც განსხვავდება, ასევე ლოტის მოცულობა განსხვავდება სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისთვის. მაგალითისთვის ევრო/დოლარისთვის 1 ლოტი 100,000 ევროს ტოლფასია. ანუ 1 ლოტის ყიდვა/გაყიდვა ნიშნავს 100,000 ევროს ყიდვა/გაყიდვას. ოქროს შემთხვევაში კი 1 ლოტი 100 უნციის ტოლფასია. მიკრო ანგარიშებზე, სადაც ბალანსი განისაზღვრება ცენტებში, ლოტებიც შესაბამისად 100–ჯერ მცირეა, ანუ ევრო/დოლარის 1 ლოტი 100,000 ევროცენტის, ანუ 1000 ევროს ტოლფასია.
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გარიგებისთვის წინასწარ განისაზღვროს მიახლოებითი TP და SL დონეები. ამ დონეების სწორი განსაზღვრა ნახევარი საქმეა წარმატებული ვაჭრობისთვის. SL დონე ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე TP, ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ რა თანხის დაკარგვისთვის უნდა ვიყოთ მზად, ვინაიდან არცერთი ტრეიდერი არაა დაცული მის წინააღმდეგ ფასის მკვეთრი მოძრაობისგან. SL დონე გვეხმარება ასევე განვსაზღვროთ თუ რამდენი ლოტით გავხსნათ ორდერი.
აღსანიშნავია, რომ ტრეიდერებს ღრმად აქვთ ჩამჯდარი აზრი, რომ ნებისმიერ გარიგებაში TP-ის ოდენობა უნდა აღემატებოდეს SL–ის ოდენობას 2–3ჯერ, რომ ვაჭრობა საერთო ჯამში იყოს წარმატებული. გარკვეულ წილად მეც ვიზიარებ ამ აზრს, თუმცა ვთვლი, რომ ამაზე ჩაციკვლა არ ღირს, მითუმეტეს თუ ძალიან დამწყები ხართ ფორექსზე.
No comments:
Post a Comment